weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2021

რატომ დაჭრეს ახმეტაში ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური

11:07 ორშაბათი, 20 ივლისი 2020 hits 2119

„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური 19 ივლისს, გვიან საღამოს, ახმეტაში დაჭრეს. ინციდენტი ქალაქის ცენტრში, თამარის ქუჩა N 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაურს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. მასთან ერთად მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ინციდენტი ყოფილ დეპუტატსა და მასზე სავარაუდო თავდამსხმელს შორის წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია. 

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად მყოფ პირს დაზიანებები, სავარაუდოდ, ახმეტაში მცხოვრებმა, 1986 წელს დაბადებულმა გიორგი ქისტაურმა მიაყენა. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ ზვიადაურის და მასთან ერთად დაჭრილი დავითაშვილის ოჯახის წევრებმაც დაუდასტურეს. 

ზვიადაურსა და ქისტაურს შორის 2012 წლიდან კონფლიქტია. ქისტაური, 2013 წლის 1 იანვარს, ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ბრალდებით დააკავეს. შენობას 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაშინ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურამ ქისტაურს ბრალად ხულიგნობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა. გიორგი ქისტაურმა სასჯელის ნაწილი მოიხადა, მერე კი ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

2014 წლის 21 ივნისს, მდინარე ილტოზე საბანაოდ მყოფ გიორგი ქისტაურს, ზურაბ ზვიადაურის ახლობლებმა სახე დაუსერეს. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ამ ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია. 

რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცავებმა გიორგი ქისტაური 2009 წელს მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ქისტაური დანაშაულს არ აღიარებდა და მის დაკავებას ზვიადაურთან დაპირისპირებით ხსნიდა. პროკურატურამ ქისტაურს შეღავათები გაუკეთა და სასჯელად რამდენიმე თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქისტაურმა საქართველო დატოვა და უკრაინაში იმყოფებოდა. 

„რეგინფომ“ გიორგი ქისტაურთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

ზურაბ ზვიადაური 2004 წლის ათენის ოლიმპიადის ილიმპიური ჩემპიონია. 2012-2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დაასაქმეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginf[email protected]