weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაკარგული ქალის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

01:22 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020
ფოტოკადრი "მთავარი არხის" ვდეოდან ფოტოკადრი "მთავარი არხის" ვდეოდან

ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში ცენტრალური საავტომობილო გზა დროებით გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია არაეფექტურად მუშაობს, რის გამოც ითხოვენ სამძებრო სამუშაოებში ჯარი ან მოხალისეები ჩართან.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა მხოლოდ დღეს ამოიღეს მისი შვილის კუთვნილი კომპიუტერი, მეზობლები კი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. მისივე თქმით, გამომძიებლები მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

რომელ საათზე გავიდა? ვინ ნახა? - მე არ ვიყავი სახლში და რა ეცვა, ისიც არ ვიცი. ხომ შეიძლება მეზობლებმა დაინახეს. ისინი მთელი დღეა ელოდებიან, რომ დაკითხავენ, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ძალიან დუნედ მიმდინარეობს გამოეძიება, რაღაც პროტოკოლების დონეზე. მათი შვილები რომ ყოფილიყვნენ, ასე მოიქცეოდნენ?!

კომპიუტერი გუშინ დილით ამოიღეს და მხოლოდ დღეს გახსნეს. შეიძლებოდა იმ დღესვე ან მომდევნო დღეს გახსნილიყო, იქიდან ბევრ ინფორმაციას მოიპოვებდნენ. ჩემი შვილის კომპიუტერის გახსნაზე რაში მჭირდება პროკურორის ბრძანება, რომელსაც სამი დღე ველოდები, - განაცხადა დაკარგული ქალის დედამ.

მისთვის გაუგებარია, სამართალდამცველებმა ოთხი დღის განმავლობაში როგორ ვერ იპოვეს ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტი, რომლითაც მისი შვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შევლის დროს, ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. 

სად გაქრა მანქანა, რომ ოთხი დღეა ვერ იპოვეს?! ამხელა მანქანა იმ პატარა არეალში, როდესაც ის სოფლები ჩიხია, ის მანქანა ვერ გადავიდოდა ისეთ უბადრუკ გზებზე, როგორიც იქაა. ვინმეს აფარებენ ხელს თუ რას შვრებიან, არ ვიცი. აქამდე როგორ ვერ იპოვეს მანქანა, ან რაიმე ხელჩასაჭიდი მაინც როგორ ვერ ნახეს? ტელეფონის ზარები რატომ არ გაიშიფრა, რომ გაეგოთ სად ფიქსირდებოდა ბოლოს? ტელეფონი ჩართული უნდა იყოს, რომ დაფიქსირდესო და მე რამდენადაც გავიგე, გამორთულ ტელეფონზეც ფიქსირდება სიგნალი, -განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და მის შვილს მოკლე დროში არ იპოვიან, სამძებრო სამუშაოებში თავად ჩაერთვებიან იმის მიუხედავად, მისცემენ თუ არა ამის უფლებას სამართალდამცავი ორგანოები.

ოთხი დღეა ველოდები, რომ იპოვიან. თუ თავიანთი ძალებით ვერ ახერხებენ ან ჯარი დაგვახმარონ, ან ხალხი თავად წავა, რუსთავში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფიც იკრიბება. მთელ მოსახლეობას ვთხოვ, თუ სადმე ნახეს მანქანა, ან ჩემი შვილი, გაითვალისწინონ ჩემ სულიერი მდგომარეობა და დამეხმარონ, რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვო და არ დაგვიანდეს, იქნებ კიდევ შეილება შველა, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისის დილით სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვს მას ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავს და არც მეგობრები.

პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]