weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

იგრძნობოდა რომ გაქცევისთვის ემზადებოდა, ყველგან შეიძლება იყოს – დაკარგული ბავშვის მამა

14:22 პარასკევი, 24 ივლისი 2020 hits 889

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს მამა ვარაუდობს, რომ მისი შვილი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა. მამის თქმით, ერთი-ერთი დეტალი, რაც ამას აფიქრებინებს, ის არის, რომ ბავშვი ფულს აგროვებდა.

„იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ აქ ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ სახლიდან გავიდოდა, რაღაცაზე ვიკამათეთ. ვფიქრობ, უკვე ამ დროს გადაწყვეტილი ჰქონდა სახლიდან წასვლა“, – ამბობს დავით ფილფანი ტელეკომპანია „ფორმულასთან“, სატელეფონო ინტერვიუში. მისი მონაყოლი რუსულიდან „ფორმულამ“ თარგმნა.

მამის თქმით, 18 ივლისს, როგორც კი გაიგო, რომ მისი შვილი სხლიდან გავიდა, მაშინვე უკან გაჰყვა, მაგრამ ვერსად იპოვა.

„ვიყავი ერთ ადგილზე, სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ. მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა. როგორც ჩანს, უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო.

ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც. ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერმე. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული“, – ამბობს დაკარგული ბავშვის მამა.

ილია ფილფანს უკვე მეშვიდე დღეა ეძებენ. „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სვანეთში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული, ტერიტორიას დრონების საშუალებით ათვალიერებენ და ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც რამდენიმე გაფრენა განახორციელა. სვანეთის გარდა, სამძებრო სამუშაოები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, ურეკის, ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ოჯახის ინფორმაციით, სახლიდან გასვლის დროს, ბავშვს კეპი ეხურა და მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ბავშვმა ქართული არ იცის და რუსულად საუბრობს, რადგან მამასთან ერთად ყაზახეთიდან სვანეთში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]