weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ – მთავრობა

12:18 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

რაჭაში, სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შესაბამისი უწყებების წარმოამდგენლები გაემგზავნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად რაჭაში მდინარე რიონი და მისი შენაკადები ადიდდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ-ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მობილიზებულია ვერტმფრენი, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს გამოიყვანენ.

„მოსახლეობა აბსოლუტურად უსაფრთხოდ არის. მუდმივი კომუნიკაცია გაქვს და საჭიროების შემთხვევაში, დროულად დავეხმარებით ყველას. რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა წყალი, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ მომხდარა. დაზიანებულია იმ წყალსადენის სათავე ნაგებობა, საიდანაც ქალაქი ონი მარაგდება. არის სხვა ალტერნატივაც და აქედან გამომდინარე, ქალაქ ონს სერიოზული პრობლემა არ აქვს. სოფლები წყლით ჩვეულებრივ მარაგდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ბრიგადები გადაადგილებას დაზიანებული გზების გამო ვერ ახერხებენ.

გუბერნატორის განცხადებით, ზარალის აღრიცხვას რამდენიმე დღე დასჭირდება. ამ მიზნით შესაბამისი კომისია უკვე შექმნილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]