weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

რატომ აიღეს ხირსას მონასტრის ეზოდან საუკუნოვანი სამარხის ქვები

17:41 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 hits 1301

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მდებარე სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტრის ეზოში, წინამძღოლის მღვდელ-მონაზონ ლაზარე გრძელიშვილის მითითებით, სასულიერო პირებმა საფლავის ქვები აიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ლევან თაქთაქიშვილმა გაავრცელა.

თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ქვები აღებულია იაკობ გოგებაშვილის ძმისა და მისი წინაპრების მე-19 და მე-20 საუკუნეების საფლავებიდან. გამქრალია მე-19 საუკუნის ერთ-ერთი საფლავის მოდერნის სტილში დეკორირებული გრანიტის ზღუდეც.

ლევან თაქთაქიშვილის მტკიცებით, მანამდე ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ეკლესიის კედლიდან მოხსნეს ორი საუკუნის წინანდელი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები სტეფანე ხირსელის გამოსახულებით და ისტორიული ეკლესიის იატაკზე თურქული ფილები დააგეს, რა დროსაც ანდრონიკოვების ისტორიული სამარხები აიღეს, რადგან მონასტრის წინამძღოლისთვის ტაძრის სივრცეში რუსული დაბოლოების საგვარეულო სამარხები მიუღებელი იყო.

ლევან თაქთაქიშვილი „რეგინფოსთან“ აცხადებს, რომ ეზოს სამუშაოების შესახებ ბოდბელი მიტროპოლიტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან შეიტყო და თავად არ უნახავს. ფოტოებზე მძიმე ტექნიკით მოსწორებული ეზო ჩანს, საფლავების ქვები კადრებში არაა.

სამარხის ქვების ხელყოფას თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, რის გამოც ეკლესიის მსახურები ღიად ემუქრებიან.

„ამაზე არავინ წერს და ეს ყველგან ხდება, მარტო ხირსა არაა ერთადერთი. ხვალ, ზეგ სრულად განადგურდება ისტორიული მნიშვნელობის სამარხები. თუ სასაფლაოს არ ჰყავს პატრონი, ან იყიდება, ან ნადგურდება ეკლესიის მიერ. ესაა უბედურება. მონასტრის ბერები წინამძღოლის დავალებით მოქმედებენ და ჰგონიათ, რომ ერისთვის კარგ საქმეს აკეთებენ“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი და აღნიშნავს, რომ ეკლესიის ეზოს გალამაზება ისტორიის განადგურების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ხირსას მონასტრის წინამძღოლი, მღვდელ-მონაზონი ლაზარე გრძელიშვილი „რეგინფოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ყველა სამუშაო შეთანხმებული იყო ძეგლთა დაცვის უწყებასთან და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან. მისი თქმით, ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობის შემდეგ, ყველა ქვა დაუბრუნდება თავის ადგილს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარეობს, რაგადგან მიწის ფენის აღებისას, აღმოჩნდა თავდაპირველი გალავნის ნაშთები.

„სამარხები ხელუხლებლია, ისინი არ გაგვიხსნია, მხოლოდ ქვები გადავდგით გვერდზე. სადრენაჟო სისტემის მოწყობის მიზნით, მიწა დადაბლდა 40 სანტიმეტრამდე და მოსწორდა, რადგან რამდენჯერმე წყალი ტაძარში შემოგვივარდა. მეორე ეტაპზე იგეგმება გუმბათის სახურავის შეკეთებაც, რისთვისაც მოეწყობა ხარაჩოები და ვიდრე ეს სამუშაოები არ დასრულდება, მანამდე საფლავის ქვები თავის ადგილს ვერ დაუბრუნდება“, - განმარტავს მღვდელ-მონაზონი ლაზარე და თაქთაქიშვილის ბრალდებას ანდრონიკოვების სამარხებთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს.

საკითხის შესახებ ინფორმაცია არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ბექა ბარამიძეს. მისი თქმით, მონასტრის ეზოში მიმდინარე სამუშაოებზე თავადაც თაქთაქიშვილის პოსტიდან შეიტყო და მოკვლევას ჩაატარებენ. უწყებას ადგილზე წარმომადგენელი ჯერ არ გაუგზავნია.

ხირსას მონასტრის დაარსება ასურეთიდან საქართველოში ჩამოსული 13 მამიდან ერთ-ერთს სტეფანე ხირსელს უკავშირდება. 570-იან წლებში სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა, IX-X საუკუნეთა მიჯნაზე, კახთა მეფემ კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წლებში, ლევან კახთა მეფის დროს, მას რესტავრაცია ჩაუტარდა. საბჭოთა წყობის დროს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული, ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იანი წლების ბოლოს მონასტერი განახლდა და  სარემონტო სამუშოები ჩაუტარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]