weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ექიმი დააკავეს

15:57 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020
ფოტოზე გიორგი ლობჟანიძე ფოტოზე გიორგი ლობჟანიძე

სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე დააკავეს. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულია ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ., ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ერთ პირს - მ.ხ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ზაფხულში მოქალაქემ შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. მან პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე წლის 18 სექტემბერს ოპერაცია ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გააკეთა ისე, რომ არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ორთოპედია-ტრავმატოლოგია. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, ექიმმა ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ., რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიების ვერსიით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები გაუახლდა და ვ.ყ-მ ის განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე დაიყოლია იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ.

„პაციენტს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს.

ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის ინფრმაციით, პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გიორგი ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა.

„მან ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად“, - განაცხადა პროკურატურამ.

ექიმ ვ.ყ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ (თაღლითობა) და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით (უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დირექტორს ბრალდება 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, პროკურატურის ინფორმაციით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით (უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]