weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მობილურზე ექსპერტიზის დაწყება მას არ აცნობეს

18:59 შაბათი, 08 აგვისტო 2020

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, სადაც მობილური ტელეფონის ექსპერტიზას უნდა დასწრებოდნენ. როგორც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს, 22 ივლისს დალუქული ტელეფონი გახსნილი დახვდათ.

ადვოკატის თქმით, მობილურ ტელეფონზე ლუქი 24 ივლისს მოიხსნა და ექსპერტიზაც დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

„დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად და თურმე, დღეს ეს ექსპერტიზა დასრულდა. ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ რომელ ლუქზეც ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ექსპერტიზა და შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულია. დღეს კლონირება დასრულდა. მობილურის მთელი ინფორმაცია 99 გეგაბაიტია.

მე მიკვირს, რომ 28 ივლისს, როდესაც აქ ვიყავი და მიდიოდა ერთი ამბავი, რატომ მოხდა ლეპტოპის გახსნა, თურმე 24-ში ტელეფონის ექსპერტიზა უკვე დაწყებული იყო. როდესაც კამათი მოგვდის და წინასწარ არ მეუბნები მობილურის ექსპერტიზას პროცედურის დაწყებას და მიმალავ, ეს უკვე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, მან და ბაჩალიაშვილებმა ექსპერტიზის ბიურო ისე დატოვეს, რომ პროტესტის ნიშნად, ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციას არ გაეცნენ.

„მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. ხელმეორედ უკვე სრულად დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. მივმართე პროკურორს და ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს ლუქის ახსნა, ავტომობილს მაინც არ შეეხონ“, – განაცხადა რამიშვილმა.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი – 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით. ბაჩალიაშვილები საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვენ.

ბოლო დღეებში შსს-მ ორი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ გაავრცელა განცხადება. ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ლეპტოპს და მის ავტომობილში ნაპოვნ პატარა ზომის ქაღალდს, სადაც ეწერა „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]