weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა – რა შეზღუდვები წესდება COVID-19-ის გამო

15:36 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 hits 743

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და იქიდან გამოსვლა იზღუდება. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ.

საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა.

„ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

უფრო კონკრეტულად, დაბა მესტიაში და სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები.

გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, შეზღუდვები წესდება გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის სოფლებს შორის.

დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება.

შესვლა გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, COIVID-19-ის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებასა და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს.

„ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად. ყველა დარჩეს თავის ადგილზე და ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში, მოუწოდებს, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

 მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stopcov.ge, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]