weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

დედის თქმით, გორში 17 წლის გოგონა შეყვარებულმა გაიტაცა

17:44 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 hits 477

გორში მცხოვრები 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„პოლიცია მშობლებს ეუბნება, რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო“, – დაწერა პატარაიამ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამბის გახმაურების შემდეგ, გოგონა მშობლებს დააკავშირეს. Qartli.ge-ის ცნობით, არასრულწლოვანმა მშობლებს უთხრა, რომ სახლში ხვალ, 13 აგვისტოს დააბრუნებენ.

„საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა სამართალდამცველებს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.

„იმის მაგივრად, რომ პოლიციას დროული საგამოძოებო მოქმედებები ჩაეტარებინა, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. მშობლებს განუცხადეს: რა განერვიულებთ, ოჯახს შექმნიანო.

შემდეგ, როდესაც განცხადების დაწერა მოითხოვეს, არც ეს განცხადება ჩაიბარეს განყოფილებაში. გატაცების ფაქტი მოხდა გუშინ, დაახლოებით 19 საათზე. გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ სახლში წაეყვანათ“, – ციტირებს Qartli.ge თამარ ლუკავას კომენტარს.

მოგვიანებით, გატაცებული გოგონას დედამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ მისი შვილის ადგილსამყოფელი დადგენილია და ის შეყვარებულმა გაიტაცა.

„იცნობდა, შეყვარებულები იყვნენ. ეს თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში იმიტომ, რომ ხშირად მიყავდა, მოყავდა და ენდობოდა, მაგრამ იქ მერე რა მოხდა და როგორ იყო, ეს ინფორმაცია აღარ მაქვს. ახლა ველაპარაკე, მითხრა ამა და ამ ადგილზე ვარო. უნდა ჩავიდეთ და წამოვყვანოთ“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]