weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

15 სარეცხ საშუალებაში სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა

14:32 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

პორტალ Momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, გერმანიის ლაბორატორიაში, ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალება შემოწმდა. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.

Momxmarebeli.ge-ის ცნობით, ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში.

„ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა. ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, - ნათქვამია Momxmarebeli.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კვლევის შედეგად ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა შემდეგ საშუალებებში:

სარეცხი ფხვნილი „ტაიდი“ („პროქტერი&გემბელი“/თურქეთი) – აღმოჩნდა ტყვია და ბორიც;

სარეცხი ფხვნილი „სავექსი“ ( შპს „ფიკოსოტა“/ბულგარეთი) – აღმოჩნდა ბორიც;

მათეთრებელი „ბოსი“ (სს „აისტი“/რუსეთი);

მათეთრებელი „ეურეკა“ ( სს „ევრიკა ელასი“/საბერძნეთი) – აღმოჩნდა ბორიც;

ქსოვილის დამარბილებელი „სემანა“ (სს „ფიკოსოტა“/ბულგარეთი);

თეთრეულის დამარბილებელი „ლენორი“ ( შპს „პროქტერი&გემბელ ნოვომოსკოვსკი“/რუსეთი);

თეთრეულის კონდიციონერი „ვერნელი“ (შპს „ჰენკელ რუსი“/რუსეთი);

ხალიჩების საწმენდი „ვანიში“ ( სს „რეკიტ ბენკიზერი“/რუსეთი) - აღმოჩნდა ბორიც;

იატაკის საწმენდი „ჩისტინი“ ( სს „სტუპინსკის ქიმიური ქარხანა“/რუსეთი);

შუშის საწმენდი „ეკო პლანეტი“ (A-08812521/საფრანგეთი);

ჭურჭლის სარეცხი „ბიოლანი“ (შპს „ნეფის კოსმეტიკსი“/რუსეთი);

ჭურჭლის სარეცხი „აოსი“ (სს „ნეფის კოსმეტიკსი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ტყვიაც;

ჭურჭლის სარეცხი „ფეირი“ („პროქტერი&გემბელი“/თურქეთი);

ჭურჭლის სარეცხი „ბიომიო“ (შპს „ორგანიკ ფარმასიუტიკალზი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ბორიც;

სამზარეულოს საწმენდი „ბიომიო“ (სს „მეზოპლასტი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ბორიც;

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]