weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა

17:42 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის სარჩელი. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ტელევიზიაში მისი შტატი გაუქმდა.

მაია მერკვილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივით მიმდინარე წლის თებერვალში საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაიყვანეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამართლემ დღევანდელი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მერკვილაძე იგივე ფუნქციითა და ხელფასით განაგრძობს მუშაობას და ტელევიზიის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისთვის „პირდაპირი ან უშუალო ზიანი“ არ მიუყენებია.

„ძალიან გამაკვირვა იმან, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი დასაბუთება, რომ გიორგი კოხრეიძემ, ფაქტობრივად, ვერ წარმოადგინა დასაბუთება, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც, სახალხო დამცველის შეფასებით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ტოლფასი გადაწყვეტილება იყო და სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ამით მე მნიშვნელოვანი ზიანი მომადგა“, – განაცხადა მაია მერკვილაძემ.

გიორგი კოხრეიძეს მაია მერკვილაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის რეკომენდაციით 2020 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიმართა. სახალხო დამცველის შეფასებით, მაუწყებლის საშტატო განრიგში მაია მერკვილაძის პოზიციის გაუქმების შედეგად იგი არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს.

„ეს წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]