weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თანხის მითვისების ბრალდებით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს

17:27 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

სამართალდამცველებმა მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ბრალდებით ოთხი პირი - თ.ზ., ლ.ს., თ.ჯ. და ლ.ბ. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები სამშენებლო კომპანია „დელუქს-ისანთან“ არიან დაკავშირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს „დელუქს ისანი“ და 2018 წლის დასაწყისში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დაიწყო.

„თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ 2018 წლის იანვარში, შპს „დელუქს-ისნის“ მთლიანი ქონება დატვირთეს პირველი რიგის იპოთეკით. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. სინამდვილეში, მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, აღნიშნული ქონება უკვე იყო პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული. ამასთანავე, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ უძრავი ქონება დატვირთეს მეორე რიგის იპოთეკით, რის შედეგადაც, მათ მეორე რიგის იპოთეკარებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადები დაარღვიეს.

თ.ზ.-მ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, კომპანია შპს „დელუქს-ისანი“ თავის მეგობარ თ.ჯ.-ზე გაასხვისა.

შპს „დელუქს-ისნის“ ახალმა დირექტორმა თ.ჯ.-მ მინდობილობა გაუფორმა ა.ა,-ს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რა დროსაც ერთი და იმავე ბინებს ასხვისებდა, ზოგიერთ სართულზე კი ყიდდა იმაზე მეტ ბინას, ვიდრე რეალურად კომპანიას გააჩნდა.

აღნიშნული ქმედებით ა.ა. მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შპს „დელუქს ისნის“ დირექტორმა თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 336 820 ლარი.

სამართალდამცველებმა თ.ზ., ლ.ს. თ.ჯ. და ლ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 და 28 აგვისტოს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და თ.ჯ.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა.

რაც შეეხება ა.ა.-ს, მას ბრალდება წარდგენილი აქვს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით). 11 ივლისს სასამართლომ ა.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დანარჩენი სამი ბრალდებულისთვისაც წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]