weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ცხინვალის იზოლატორში 28 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, შემოაკვდათ

01:41 შაბათი, 29 აგვისტო 2020

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე იყო დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ცხინვალის რეჟიმი ჯერ არ ადასტურებს ვერსიას, რომ ინალ ჯაბიევი აწამეს. დე ფაქტო პროკურატურამ საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტის გარემოებების დასადგენად.

ინალ ჯაბიევი და კიდევ ორი პირი 27 აგვისტოს დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს.

„28 აგვისტოს, 14:21 საათზე გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინალ ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში სხეულის დაზიანებებით შეიყვანეს. მოგვიანებით საავადმყოფოდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ის გონზე მოუსვლელად, რეანიმაციაში გარდაიცვალა. მიმდინარეობს ცხედრის გამოკვლევა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, – განაცხადა დე ფაქტო პროკურატურამ.

სოციალურ ქსელებით გავრცელდა გარდაცვლილი ჯაბიევის ფოტოები, რომლებზეც მის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და სავარაუდოდ, ცემის კვალია აღბეჭდილი. ცხინვალის ცენტრში გამოსულმა ასობით ადამიანმა ე. წ. პრეზიდენტის, მთავრობის და გენერალური პროკურორის გადადგომა, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება მოითხოვა.

აქციის მონაწილეებთან დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გავიდა და განაცხადა, რომ ე. წ. შს მინისტრი, პოლიციის გენერალ-მაიორი იგორ ნანიევი თანამდებობას ჩამოაშორა.

„ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, დამნაშავეები დაისჯებიან“, – ციტირებს ბიბილოვის განცხადებას ე. წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ე. წ. მთავრობა გადადგა. საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ე. წ. მთავრობის თავმჯდომარე ერიკ პუხაევმა. 

„მე დღეს მოედანზე ვიყავი. მოვუსმინე ხალხს. ზოგიერთები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. ავწონ-დავწონე და მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პუხაევმა.

იგორ ნანიევის სამსახურებრივ ავტომობილს ცეცხლი 17 აგვისტოს, ღამით გაუხსნეს. მაშინ დე ფაქტო პროკურატურამ განაცხადა, რომ ავტომობილს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ნასროლი ერთი ტყვია მოხვდა. სროლის შედეგად ნანიევი ან ვინმე სხვა არ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე და 222-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას და ასევე, უკანონო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]