weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

11 წლის ბავშვისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს – საპატრიარქო

22:53 შაბათი, 29 აგვისტო 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.

„თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მოზარდს სამშაბათს, პირველ სექტემბერს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ბებიამ დღეს, მედიის საშუალებით საპატრიარქოს მიმართა და სთხოვა, ბავშვს წესი აუგონ. მანამდე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგი შალამბერიძემ განაცხადა, რომ თუ თვითმკვლელობა დადასტურდებოდა, ბავშვს წესს ვერ აუგებდნენ.

„ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ეს ღვთის გმობაა. არ შეიძლება, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? როგორ გეკადრებათ. გამონაკლისები ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავად არის ადამიანი და ექიმის ცნობები გვაქვს. თუ არაფერი აქვს, ვერაფერს გავაკეთებთ“,ამბობდა მეუფე გიორგი.

11 წლის მოზარდი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა მოზარდის მამა დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარუდგინა. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფრიდონ აბჟანდაძე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. გამოძიების მტკიცებით, მამის მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ბავშვი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეზობლები მედიასთანაც ადასტურებენ, რომ მამა შვილზე ძალადობდა. ამასთან, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ „ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა იმ ოჯახში“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა და შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]