weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბაჩალიაშვილის ორგანიზმში სასიკვდილო ოდენობაზე მეტი მედიკამენტები აღმოჩნდა – პროკურატურა

15:30 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020

პროკურატურის განცხადებით, საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. პროკურატურის განცხადებით, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში დღეს გაიმართა. პროკურორმა განაცხადა, რომ ბიოლოგიურ-გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

„გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“, „იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე. წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება“, – აცხადებს პროკურატურა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ექსპერტიზით ისიც დადგინა, რომ სხვა, უცხო პირის გენეტიკური პროფილის (დნმ) შემცველი რაიმე ინფორმაცია არც ავტომანქანაში და არც იქიდან ამოღებულ ნივთებზე არ ფიქსირდება. 

პროკურატურის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაინიშნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის YouTube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია მისი გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, ხოლო მობილური ტელეფონიდან 3 ვიდეოჩანაწერი, რომლებსაც ვიდეოსკოპური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, ჯერ დასრულებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]