weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა დააკავეს

14:42 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თამაზ ხომასურიძე მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული.

შსს-ს თანახმად, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

„ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.

გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

370-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ხოლო იგივე ქმედება განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

151-ე მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]