weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

23:55 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020
ფოტოზე - შმაგი მუთოშვილი ფოტოზე - შმაგი მუთოშვილი

პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. მას ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ახლობლები მოკლულის ძმის დაკავებას მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

დაკავების შემდეგ შმაგი მუთოშვილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თელავის იზოლატორის ადმინისტრაციაში, ახმეტიდან რუსთავში დაკავებულის გადაყვანა იმით განმარტეს, რომ კორონავირუსის გამო იზოლატორში შეზღუდვები მოქმედებს.

საქმე ეხება 29 ივლისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციელების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ გასროლა, შურისძიების მოტივით, შმაგი მუთოშვილმა განახორციელა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, შმაგი მუთოშვილს, სასჯელის სახით, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შმაგი მუთოშვილის ძმა, ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, დღისით, პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოს გადასახვევთან მოკლეს. ძირითადად ორი გვარის, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების წარმომადგენლებს შორის სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ვისური მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ისე მოკლეს, რომ სამართალდამცავებს დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ.

რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობის ბრალდებით 27 წლის არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. თელავის სასამართლო საქმეს 7 თვის განმავლობაში იხილავდა. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსამართლემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოტანამდე მკვლელობაში ბრალდებულების ნათესავებმა, სისხლის პატიების მიზნით, მუთოშვილებთან რამდენჯერმე სცადეს შერიგება. ამ პროცესში ქისტი უხუცესები და პოლიტიკოსებიც ჩართეს, მაგრამ შერიგება არ შედგა. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები არც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ და არც გამოძიებისთვის მიუციათ ჩვენება.

საყურადღებოა, რომ მკვლელობის თვითმხილველების მონათხრობით, 2019 წლის 27 ნოემბერს, ინციდენტში სხვა შეიარაღებული პირებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ სამართალდამცავებს არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

მუთოშვილების წარმომადგენლებმა მურად ქავთარაშვილი დაადანაშაულეს პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში. მათი თქმით, სწორედ მურად ქავთარაშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები მონაწილეობდნენ საკობიანოსთან მომხდარ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვისური მუთოშვილი მოკლეს.

შეიარაღებული ჯგუფის არსებობის შესახებ, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე გამოძიებაც კი არ დაუწყია.

მკვლელობაში მსჯავრდებული არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია მეორე მსჯავრდებული რამაზ ხანგოშვილიც.

ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს პანკისში ჰესების მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები ეწინააღმდეგებიან. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში გამართულ აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო სცემეს რამდენიმე აქტივისტს, რამაც გვარებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა. მუთოშვილების თქმით, ქავთარაშვილები მათ ავიწროებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]