weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძარცვეს და 300 000 ლარი მოიპარეს

23:59 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 hits 585
ფოტო: დაცვის პოლიცია 125 / Facebook ფოტო: დაცვის პოლიცია 125 / Facebook

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესის“ ფილიალი გაძარცვეს. კომპანიის განცხადებით, მძარცველებმა საცავში იატაკში გაყვანილი ხვრელით შეაღწიეს და დაახლოებით 300 000 ლარი წაიღეს. დაზარალებული მხარის განცხადებით, ობიექტის დაცვაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იყო.

ძარცვა 19 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. „ინტელექსპრესის“ განცხადებით, ფილიალი სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით, რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული. 

„04:06 საათზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. ცხრა წუთში ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება, რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

დილის ცხრა საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი, თანხა კი - წაღებული. ზარალი ჯამში 300 000 ლარამდეა.

ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული ძარცვა, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას.

რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ „ინტელექსპრესს“ მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ძარცვა თავისი შინაარსით ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა“, – აცხადებს „ინტელექსპრესი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროს დანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]