weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს

16:13 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

პროკურატურამ დააკავა დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა. მას ბრალად მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება.

8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა, მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული ორი ფოტოსურათი. ადვოკატის თქმით, ფოტოებით დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, იმ ადგილზე არ იდგა, სადაც 22 ივლისს იპოვეს.

პროკურატურის მოთხოვნით ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდა. როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. მოგვიანებით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ფოტოები დავით ფურცხვანიძისგან მიიღო.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით დაიწყო.

„დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს - „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.

დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება“, - აცხადებს პროკურატურა.

უწყების თანახმად, დავით ფურცხვანიძე დაუკავშირდა მიხეილ რამიშვილს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. პროკურატურის განცხადებით, ფურცხვანიძემ 7 სექტემბერს, „სკაიპის“ საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვინ გაუგზავნა ბრალდებულს „სკაიპით“ აღნიშნული ფოტოები.

„დ.ფ.-მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის, ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის თანახმად, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები.

„მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით“, - აცხადებს პროკურატურა.

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის I ნაწილით (ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით). დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი.

„ასევე, საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

დავით ფურცხვანიძე დაკავებამდე ამბობდა, რომ წყარო რომელმაც ფოტოები მოიპოვა კომპეტენტურია, კვალიფიციურია და მას ენდობა. ფურცხვანიძის თქმით, ფოტოები მისი თხოვნით მოიპოვეს.

„მე არ ვიყავი დაკავებული ბაჩალიაშვილის საქმით. ბაჩალიაშვილის საქმე იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ საქმისა, რომლითაც ვიყავი დაკავებული და ვარ დაკავებული. საქმე უკავშირდება დიდ ფინანსურ აფიორას, რომელიც უკავშირდება დიდ ტრანზაქციებს და ამავე დროს, ფულის გათეთრებას“, – განაცხადა ფურცხვანიძემ 19 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

„მითების ლაბორატორიის“ კვლევის მიხედვით, დავით ფურცხვანიძემ ორგანიზაცია Europe Studies Labor Georgia-ს დამფუძნებელია. ამ ორგანიზაციას გამოცემული აქვს წიგნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ – „ვლადიმერ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი“. ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ფურცხვანიძემ თქვა: „რაც შეეხება რუსულ პროექტებს, თუ პუტინის ხოტბა-დიდებაზეა საუბარი, რაც მე არასდროს გამიკეთებია... თუ ლაპარაკია წიგნებზე „მსოფლიო ლიდერები“, მათ შორის არის არა მხოლოდ პუტინი, არამედ ტრამპიც, სი ძინპინიც და სხვები. ეს არის კრებული რომელიც საერთაშორისო პროექტის ეგიდით გამოიცემა“.

გარდა ამისა, „მითების ლაბორატორიის“ თანახმად, 2012 წლის სტატიაში პრორუსულ გამოცემა „საქართველოს და მსოფლიოს“ ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად ჰყავს მოხსენიებული და გამოქვეყნებული აქვს მასთან ინტერვიუ საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებზე; ამასთან ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის“ და გორჩაკოვის ფონდის მიერ  გამართულ მრგვალ მაგიდაში; დავით ფურცხვანიძე 2018 წელს „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ მამა-შვილი სკრიპალები „ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს“ და აცხადებდა, რომ „დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]