weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა

18:43 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020 hits 246

მარნეულში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადა ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგინფოს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საოლქო კომისიასთან აქციას მართავდნენ და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების არჩევის პროცესს აპროტესტებდნენ, რა დროსაც მათთან „ქართული ოცნების“ წევრები მივდინენ. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გუშინ ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ კომისიებში ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრებს არ შეატყობინეს.

„უბნებზე აიჩიეს კომისიის თავმჯდომარეები და ჩვენს ხალხს არ დაუძახეს, ოპოზიციიდან არავის დაუძახეს. ეს რომ გავიგეთ, დღეს პატარა აქცია მოვაწყეთ. მშვიდობიანად მოვედით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოგვიგზავნა ნასვამი კაცი და გინება დაიწყო. ესენი არიან დაქირავებული ზონდერები. მოგვიგზავნეს პოლიცია, რომელიც ჩვენ გვაკავებდა და ისინი ჩვენ გვირტყამდნენ. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი არჩევნები, რომ არ გააყალბონ. დაიწყეს უკვე გაყალბება და ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გივი ქველაძემ.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მისამართით გინება თავდაპირველად ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც.

„მოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. როგორც გავიგე, აქციის ჩატარებას აპირებდნენ. იმათ მხრიდან წამოვიდა გინება ჩვენი პარტიის ლიდერების მისამართით. იყო სიტყვიერი კამათი, მაგრამ განმუხტვა მოხდა. ამის შემდეგ მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევიდა საოლქოში და ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტანზე მაისური შემოახია. სამართალდამცველებს რეაგირებისთვის მივმართავთ“, - განაცხადა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, ნაცემია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

„ის იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი“, - განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს თანახმად, ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ შეატყობინა პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება. ცესკოს მტკიცებით, ყველა წევრს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე უკავშირდებოდნენ.

„მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას“, - აცხადებს ცესკო.

ცესკო მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, „ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]