weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ის ხალხი ქვეყანას და სიმართლეს ემსახურებოდა – სინოდის წევრი „კარტოგრაფების საქმეზე“

14:46 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) ე.წ. კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, უდანაშაულოები არიან აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

„ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეძლება ასე გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ არ ვიცი. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა. მე ასე მწამს. შეიძლება ვცდები, მაგრამ დაამტკიცებს დრო. მოკლე დროში არა, მაგრამ ორში, სამში უკვე გაირკვევა ყველაფერი. ახლა გავიგეთ ამ რუკების შესახებ, სად რა ინახებოდა, ვინ და როგორ ჩამოიტანა. ეს ხალხი მე უნდანაშაულო მგონია“, – განაცხადა სინოდის წევრმა.

მისივე თქმით, არჩევნები ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვეტს.

„უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია - ახალი სახე უნდა მოვიდეს ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ“, – განაცხადა ცურტაველმა მიტროპოლიტმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]