weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მეწყერის შედეგად დაღუპულების ოჯახი ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვს

15:43 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯოჭოში მეწყერის შედეგად დაღუპული სამი ადამიანის ოჯახის წევრები მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მათივე თქმით, მომხდარზე პასუხი უნდა აგონ გეოლოგებმაც, რომლებმაც ადგილი საცხოვრებლად საშიშად არ მიიჩნიეს.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები დღეს დილით მერიაში მივიდნენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურში დაახლოებით 11:30 საათზე გამოცხადდა და მოქალაქეებს კაბინეტში შეხვდა.

„ვინ იღებს პასუხისმგებლობას? გეოლოგები იძახდნენ, რომ უსაფრთხოა ცხოვრება, გამგეობამ გააქრო შეტანილი განცხადებები. ჩვენ ვითხოვთ, პასუხისმგებლობა აიღონ სამი ადამიანის ცოცხლად დამარხვაზე და ეს უდიდესი უბედურება გახდეს სხვა ოჯახების უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა დაღუპულების ნათესავმა.

ჯუმბერ ვარდმანიძემ უარყო, რომ ჯოჭოში დაღუპული თედორაძეების ოჯახს ადგილობრივ თვითმმართველობაში განცხადება ჰქონდა შეტანილი და დახმარებას ითხოვდა.

ჭირისუფლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამოც, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათთან სამძიმარზე არ მივიდნენ არც მერი და არც მერიის წარმომადგენლები, რაზეც ჯუმბერ ვარდმანიძემ უპასუხა, რომ სამძიმარი საჯაროდ გამოთქვა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჯუბერ ვარდმანიძემ მერიის შენობის დატოვება გადაწყვიტა, რასაც დაღუპულების ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მის გადადგომას ითხოვდნენ და ავტომობილში ჩაჯდომაში ხელს უშლიდნენ.

„განცხადება დაწერე და ისე წადი“, – ამბობდნენ გარდაცვლილების ნათესავები. ისინი მერის სთხოვდნენ იმ განცხადების მოძიებას, რომელიც მათი მტკიცებით, დაღუპულმა ოჯახმა მერიაში წარადგინა.

საბოლოოდ, ჯუმბერ ვარდმანიძემ მერიის მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით მაინც დატოვა.

სოფელ ჯოჭოში სტიქია პირველ ოქტომბერს, ღამით მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, სადაც დედ-მამა და მათი 16 წლის შვილი ცხოვრობდნენ. მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. თითქმის ორდღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ხუთივე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მთავრობას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სოფელ ჯოჭოში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები იყო მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მთავრობას ურჩიეს სოფელ ჯოჭოს ლოკალურ უბნებზე გაბიონის ტიპის ფერდობ და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაეტარებინა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ჯოჭოში გარკვეული სამუშაოები წელსც ჩაატარეს და გასული 2 წლის განმავლობაშიც. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვახტანგ დიასამიძის განმარტებით, თედორაძეების ოჯახს მერიისთვის რაიმე საფრთხის შესახებ და ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]