weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა დროულად მოხდეს მძევლების გათავისუფლება – საბანაძე

18:08 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 hits 264

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი მოქალაქეები დროულად გაათავისუფლონ. ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებულ, ნიღბიან მამაკაცს ბანკში 18 ადამიანი ჰყავს დატყვევებული.

„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება“, – განაცხადა საბანაძემ ცოტა ხნის წინ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

შს მინისტრის მოადგილემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, პირდაპირ ეთერში არ გადასცენ ბანკთან გავითარებული მოვლენები, ასევე, პირდაპირ ეთერში არ ჩართონ დამნაშავე.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე,

ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად - მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ბოლო ინფორმაციით, დამნაშავეს მძევლად აყვანილი ჰყავს 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვება. მან გაახმოვანა დამნაშავის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრება. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]