weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ზუგდიდში თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა

20:50 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმელთან, რომელსაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბორცვაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულია ორი მძევალი.

„მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში.

თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს“, – განაცხადა ბორცვაძემ.

შს მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დეტალებზე, მათ შორის კითხვაზე, თუ რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში, კომენტარი არ გააკეთა.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვება. მან გაახმოვანა დამნაშავის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრება. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]