weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თავდამსხმელის მიერ გატაცებულებს შორის სავარაუდოდ შსს-ს მაღალჩინოსანიც არის

00:27 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020
ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან

შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და რამდენიმე საათის განმავლობაში ოცამდე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი, გამოსასყიდი თანხა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გალდავა ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, რომელთან ერთადაც თავდამსხმლმა ბანკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა. ტელეკომპანიების მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კარებში ჩანს, რომ თავდამსხმელი ბანკიდან ოთხ ადამიანთან ერთად გამოდის, მათგან სამი მის წინ, გვერდიგვერდ მიდის, თავად კი ხელი ზემოთ აქვს აწეული და სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს. მათ უკან მიჰყვება მეხუთე მამაკაცი, რომელსაც ჩანთა მიაქვს. მედიის ცნობით, ბანკის მიმდებარე ტერიტორია თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით ის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაემართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით. 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ დაწერა, რომ თავდამსხმელს ფული პოლიციის წარმომაგენელმა მიუტანა, რის შემდეგაც მან სამი კაცის გარდა ყველა მძევალი გაათავისუფლა.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი დღის მეორე ნახევარში შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა ჯერ 19, შემდეგ კი 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვებოდა. მან გაახმოვანა თავდამსხმელის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებული იყო ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]