weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გთხოვ, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ – როგორ გადასცა გალდავამ თანხა თავდამსხმელს

13:37 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ გადასცემს შეიარაღებულ თავდამსხმელს თანხას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა.

„გთხოვ, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას, რა“, – ამბობს გალდავა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს ფულს აჩვენებს.  

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]