weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხულოს სოფელ წაბლანას მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

12:25 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020
ფოტოზე - აქცია წაბლანაში, 2020 წლის აგვისტო ფოტოზე - აქცია წაბლანაში, 2020 წლის აგვისტო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. სოფელში 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბანზე ხმა მხოლოდ 8 ამომრჩეველმა მისცა. ყველა მათგანი საუბნო კომისიის წევრია.

„მხოლოდ სპეციალურ სიაში მყოფმა პირებმა მისცეს ხმა. ისინი კომისიის წევრები არიან სხვა სოფლებიდან. ადგილობრივი მცხოვრებლები არჩევნებში არ მონაწილეობენ. ამის გამო საარჩევნო უბანი არ დაიხურება. რვა საათამდე მაინც ღია იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ ხულოს 30-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა აბულაძემ.

სოფელი წაბლანა სხალთის თემში შედის. სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის რაულ მახარაძის თქმით, წაბლანა სტიქიით დაზარალებული სოფელია, მოსახლეობას ბინები ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე აუშენეს, მშენებლობა 2018 წელს დასრულდა, თუმცა ბინები დღემდე გასარემონტებელია, რის გამოც ოჯახები იქ საცხოვრებლად ვერ გადადიან.

„თავიდან შეთანხმება იყო, რომ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა აეშენებინათ ბინები და შავი კარკასი, გაურემონტებელი ჩაებარებინათ. ჰესის მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო დაგვიმძიმდა აქ მდგომარეობა. სასმელი წყალი გაქრა, საძოვრები აღარ გვაქვს, კომპანიის საკუთრებაა მთელი ტერიტორია. სოფლის განსახლებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არაა, მაგრამ თუ ასეთი პროცესები წავიდა, შეიძლება ვეღარც ვიცხოვროთ. მოვითხოვეთ იმ ბინების გარემონტება, რაზეც უარი გვითხრეს. ჰესის მშენებელ კომპანიას სოციალური პროექტები უნდა განეხორციელებინა - სოფელში გზები უნდა დაეგოთ, სტუდენტები დაეფინანსებინათ, სწავლის საფასური გადაეხადათ. არაფერი გააკეთეს. ამ სოფელში მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ. ის ბინები, რაც ააშენეს, ფართიც კი არასაკმარისია საცხოვრებლად. ზოგმა გაყიდა კიდეც, რადგან აზრი არ ჰქონდა იქ გადასვლას“, - აღნიშნა სოფელ წაბლანაში მცხოვრებმა მურმან შაინიძემ.

1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში ერთი უბანი მთიდან ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოჰყვა. დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ათობით ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი დროებით ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა იმ პირობით, რომ ბინებს გადასცემდნენ. დაპირება წლების განმავლობაში არ შესრულდა, რის გამოც დაზარალებულები სოფელს დაუბრუნდნენ. წაბლანა დღემდე საცხოვრებლად საშიშ ზონად არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]