weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ცესკოს ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

00:54 კვირა, 08 ნოემბერი 2020

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა. კობალაძე კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა, ხუსკივაძე კი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. პოლიცია მათ ქრთამის მიცემას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებასა და მუქარას ედევაბა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ.

მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას.

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულების ადვოკატის დავით ჩომახიძის თქმით, კობალაძე, ხუსკივაძე და გობეჯიშვილი მეგობრები იყვნენ, ისინი ერთმანეთს ბოლოს 6 ნოემბერს შეხვდნენ და სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც იძულებას ან მუქარას დაადასტურებს.

კობალაძე და ხუსკივაძე დაკავებამდე ერთი დღით ადრე "მთავარი არხის" გადაცემაში მონაწილეობდნენ, სადაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრეს. ამასთან, კობალაძე და ხუსკივაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კონსულტანტები იყვნენ საარჩევნო საკითხებზე, რაც პარტიის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა.

თედორე გობეჯაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 7 ნოემბერს, დილით, „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის ბრიფინგიდან. ხელაშვილმა თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოლქო-საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს რეპრესიებით ემუქრებოდნენ. განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ ოლქის თავმჯდომარე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ქართული ოცნება“ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]