weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიციამ 8 ნოემბრის აქციაზე 19 ადამიანი დააკავა

12:32 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 19 პირი დააკავა.

დღევანდელ ბრიფინგზე საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინ, თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი“, – განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი გამოიყენა.

„ამის შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით - რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა - ფარი.

პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. როგორც შსს აცხადებს, დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]