weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ანტიეპიდემიური ღონისძიებები ცვლილებებს საჭიროებს – ექსპერტები

12:52 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020
ფოტოზე - ლევან კობერიძე ფოტოზე - ლევან კობერიძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული ექსპერტები ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მიმართვას ავრცელებენ. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა.

„ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება.

ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არამარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, – აცხადებენ ექსპერტები.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შეთანხმდეს შემდეგ პრინციპზე: პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.

ექსპერტების აზრით, დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

  • ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;
  • ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზე-პარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;
  • შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად, გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;
  • მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის.
  • სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;
  • პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;
  • მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება; მომსახურების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;
  • კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვა);
  • მომსახურების ანაზღაურების ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ამცირებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, ნაკლებად მიზანშეწონილი (გამართლებული) მომსახურების მიწოდების ინტერესს (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება, თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება);
  • საზოგადოების ინფორმირების / კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და 24-საათიან რეჟიმში ყველა საჯარო გზავნილის მომზადება და გავრცელება გეგმის მიხედვით;
  • საკომუნიკაციო მესიჯების თანმიმდევრულობა;
  • გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, მიღწეული წარმატებისა და წარუმატებლობის გაზიარება.

მიმართვას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი .

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3638 ადამიანი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]