weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი იგივეა, რაც პირველ ტურში იყო – სალაძე

21:04 შაბათი, 21 ნოემბერი 2020 hits 69

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას მათმა დამკვირვებლებმა 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

როგორც საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას „კვლავ“, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ერთგვარ ტოლობის ნიშანს ვსვამთ პირველი ტურის დროს გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე. პრაქტიკულად, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლაც იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა სალაძემ.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

საიას ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, მათ მიერ დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: საიას განცხადებით, მათ დამკვირვებლებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;

ამომრჩევლის ნების კონტროლი: მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა, რაც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა: ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

სხვა დარღვევებია: წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება. სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]