weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მძევლების აყვანაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14:51 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანისთვის ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგრც პროკურორმა განმარტა, ზურაბაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობდა ზურაბაშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები.

„დანიშნულია ფქისიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაადგენს, ხომ არ არის ის საზოგადოებისთვის საშიში.

მოცემულ ეტაპზე ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ემუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, ეს არ იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა ბრალდებით, რა კვალიფიკაციით მოხდება საბოლოო ბრალდების წარდგენა“, – თქვა „რუსთავი 2“-თან პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.

ადვოკატ გიორგი ჭაჭუას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბაშვილს არავისთვის შეუზღუდავს გადაადგილების საშუალება და არავისთვის ყოფილა საშიში. ბრალდებულის დედის თქმით, კი მომხდარის მიზეზი ხალხის გაჭირვებაა, რასაც მისი შვილი ძალიან განიცდიდა.

31 წლის ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ფილიალში 20 ნოემბერს შეიჭრა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ის შეიარაღებული იყო და მძევლები ჰყავდა აყვანილი. სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მას სამი მოთხოვნა ჰქონდა – აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. სამართალდამცავებმა ლევან ზურაბაშვილი იმავე დღეს დააკავეს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მას ჰქონდა „მხოლოდ და მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა და სპორტული პისტოლეტი, რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს“.

პროკურატურამ ზურაბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ზ. 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა“, – აცხადებს პროკურატურა.

დრევანდელ სასამართლო სხდომაზე ზურაბაშვილმა თქვა, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანი იყო.

„ჩემთვის მთავარია, რომ ეს კანონები შეიცვალოს, რომ გადარჩეს ერი. ცოდოა ხალხი. თუ არ მეთანხმებით და უსამართლოდ ვითხოვ რაიმეს, მაშინ შემიფარდეთ, რაც გნებავთ“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ზურაბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]