weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

14:38 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომა აქციისა და საყვირების ფონზე წარიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰელიუმის ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობა და მათთან დაპირისპირება მოჰყვა. მთავრობის ადმინისტრაციასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილიც იმყოფებოდა.

„50 პოლიციელი რომ ერთ ადამიანთან მიდის იმიტომ, რომ ჰელიუმის ბუშტი უჭირავს, ეს არის სირცხვილი“, – უთხრა კონსტანტინე ანანიაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებიან, რომლებიც ერთი თვეა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

„დაპირისპირება მოჰყვა ბუშტებს. რიჟვაძეს ეტყობა ბუშტოფობია, ბუშტების პანიკური შიში აქვს. გასცა უკანონო განკარგულება და პოლიცია ასრულებს უკანონო განკარგულებას - აკავებს ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აუშვეს ბუშტები, რომლებზეც არის წარწერა „რიჟვაძე გამოდი“. არის წარწერა, რომ „რიჟვაძე არის ჩმორი“ - დიახ, მართლა ჩმორია, პატრა კაცუნაა, რომელსაც ბუშტების ეშინია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ხაბაზმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს „ოცკაციანი ბანდა“ უწოდა, ხოლო თავად აქციას „მარგინალების ზღვარგადასული პროტესტი“.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდე ოჯახში შეშვება და საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები საკუთრ შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთები არ გაიზარდოთო“, – განაცხადა რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასაწყისში.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გუშინაც გაიმართა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ადმინისტრაციაში შესვლა სცადა. ის თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ წარწერებიანი ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაიძაბა. შედეგად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]