weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

პარლამენტში არ შესული დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი – ნათელაშვილი

17:17 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 hits 225

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქართუულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტას ითხოვს და გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში არ შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან სახალხო პარლამენტი შეიქმნას.

ნათელაშვილი დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

„შექმნილ ვითარებაში შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. მეორე – ფინანსურ და დიპლომატიურ სანქციებს დაექვემდებაროს არა მარტო რეჟიმის მეთაური ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ყველა ე.წ. პარლამენტის წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით; მესამე – პოლიტიკური პარტიებისგან, პარლამენტში არ შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დღეებში იქნება პოლიტიკური პარტიების შეკრება, სადაც ამ საკითხს ერთ-ერთ პირველ პუნქტად განიხილავენ.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის შიშით, რომ დაფინანსებას შეუწყვეტენ, რეგისტრაციას გაუუქმებენ და სარეკლამო საეთერო დროს გაუუქმებენ, პარლამენტში არ შევა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა.

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება სცნეს. პირველი სხდომის შემდეგ, საპარლამენტო მანდატებზე უარის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ შემავალმა პარტიებმა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]