weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბადრი ესებუა ძმამ გაიყვანა ტყეში და იქიდან მიიმალა – ვახტანგ გომელაური

09:42 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმისა და მისი ძმის დაკავების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ესებუას დაკავება, პირველ რიგში, შსს-ს ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, ოპერატიულ ინფორმაციებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს, აღმოაჩნდა შემდეგ დამატებით კიდევ ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება თან, ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, ზუსტად, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანით თავისი ძმა, ტყეში გაიყვანა და იქიდან გაიქცა და მიიმალა უკვე.

ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები ჟურნალისტების მხრიდანაც, თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით.

საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილი, გვყავს ისეთი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა მკვლელობა და დღესაც არ არის დაჭერილი.

ისე, ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?!

ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ღირსების თემა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, რაც 43 მძევლის გათავისუფლებითა და თავდამსხმელისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემით დასრულდა, 21 ოქტომბერს მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს 32 წლის ბადრი ესებუას და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

12 დეკემბერს სამართალდამცველებმა ძებნილის ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა“. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს.

ბიძინა ესებუას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი და სხვა ნივთები პოლიციამ ჩაუდო. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]