weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ანტისემიტური გამოსვლები დაგმოს – ისრაელის ელჩი

00:01 შაბათი, 09 იანვარი 2021

„ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს“, – აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი.

მისი თქმით, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური განცხადებები 4იანვარს გააკეთა, როდესაც „ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური“.

ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოში „ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში“, უკვე საკმარისად დიდი ხანი იმყოფება იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს „ასეთ შემზარავ შეხედულებებს“.

„ქართველებს დამსახურებულად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.

2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200 000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.

მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს“, – აცხადებს ისრაელის ელჩი.

რან გიდორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენება.

20 დეკემბერს, მიტროპოლიტ იოანეს ქადაგება, სადაც სასულიერო პირმა ებრაელებს „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“ უწოდა, სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასდა როგორც საეკლესიო ანტისემიტიზმი. 4 იანვარს დეკანოზმა ილია კარკაძემ თავის ქადაგებაში მიტროპოლიტი დაიცვა და განცხადებები გააკეთა, რომლებიც ასევე შეფასდა როგორც ანტისემიტური. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]