weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გარდაბანში 15 წლის გოგოს მოტაცებისთვის 23 წლის ბიჭი, დედა და კიდევ 2 ქალი დააკავეს

10:03 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი, მისი დედა და კიდევ ორი ქალი დააკავეს.

პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და ორი ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის განცხადებით, სკოლა ხშირად კვლავ მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, თუმცა ჟურნალში ეს არ აღირიცხება.

„განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარი განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს ამგვარ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,

ქვემო ქართლის რეგიონში, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, გოგოს ბედს სოფლის უხუცესები (აღსაკალები) წყვეტენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთ დროს რეაგირება დროში ჭიანურდება და უშედეგოა

რაც, შესაძლოა, ადგილობრივი გავლენის მქონე პირებისთვის ანგარიშის გაწევითაც აიხსნას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე არ ამუშავებს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის (დანაშაულის) სტატისტიკას, ასევე, არ წარმოებს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული სრულყოფილი სტატისტიკა. კერძოდ, შსს-ს მიერ ცალკე არ აღირიცხება ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები.

2020 წლის 25 დეკემბერს, კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგოს მოტაცებისთვის სამი სრულწლოვანი მამაკაცი დააკავეს.

 

ამ თემაზე:

15 წლის გოგოს მოტაცებისთვის 4 პირს, მათ შორის, ბიჭის დედას და ბიცოლას, ბრალი წარუდგინეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]