weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბუკნარში, პარასკევის ლოცვის შემდეგ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა დაიგეგმა

21:09 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, მას შემდეგ რაც მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა დასრულდება. მერიასთან გამართული აქციის შემდეგ ამაზე მუსლიმური თემის წარმომადგენლი ფირუზ წულუკიძე, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე საჯაროდ შეთანხმდნენ.

შეხვედრა ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, ჩოხატაურის მერს, მაჟორიტარ დეპუტატსა და სასულიერო პირებს შორის გამართება.

„შევთანხმდით, რომ ჩენი პრიორიტეტია სოფელში აღდგეს ძველი მეგობრული, ძმური ურთიერთობა. ხვალინდელი ჯუმის ლოცვა ჩატარდება, პარალელურად, სოფელში არსებულ ტაძარში ჩატარდება ლოცვა. ორივე მხარე ვილოცებთ მშვიდობისათვის და სოფელი დაუბრუნდება ისევ ძველ მეგობრულ, ძმურ ცხოვრებას“, – განაცხადა მუფტმა.

სოფელ ბუკნარში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. 12 იანვარს სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ „ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მეჩეთის აშენება და მინარეთი მოჰყვება“.

13 იანვარს, სოლიდარობის ნიშნად, ბუკნარში აჭარიდან და სხვადასხვა რაიონებიდან მუსლიმები ჩავიდნენ. პარალელურად, სოფლის ცენტრში ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მუსლიმებს ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. დღის ბოლოს, ჩოხატაურის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, გურიის გუბერნატორი და დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა თქვა, რომ ბუკნარის მცხოვრებლები შეთანხმდნენ და ლოცვაში ხელი არავის შეეშლება.

დღეს, 14 იანვარს, მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება არ მომხდარა. ისინი ხელახალი შეხვედრის გამართვის მოთხოვნით ჩოხატაურის მერიასთან შეიკრიბნენ. ფირუზ წულუკიძე, რომელიც ბუკნარში ბათუმიდან ჩავიდა, აცხადებდა, რომ საკითხის გადაწყვეტაში მართლმადიდებელი ეკლესიის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩართულიყვნენ, თავად შეხვედრა კი საჯარო ყოფილიყო.

აქციაზე მივიდა დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე, რომელმაც ბუკნარის მცხოვრებლებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ. მუფტის ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა. ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ მუფტი ჩოხატაურში „სიტუაციის განსამუხტად კი არა, თავისი მრევლის გვერდში დასადგომად უნდა ჩასულიყო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]