weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მეორე წელი დახურული სკოლების პირობებში ძალიან საზიანო იქნება ბავშვებისთვის – UNICEF

10:42 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი (UNICEF) დირექტორის, ჰენრიეტა ფორის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლების დახურვა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ყველა სხვა ალტერნატივის გათვალისწინების შემდეგ.

ჰენრიეტა ფორი მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებას აფასებს და იმ შედეგებზე საუბრობს, რაც სკოლების დახურვას შეიძლება მოჰყვეს. მისი განცხადებით, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რათა სკოლები გაიხსნას.

„არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს ბავშვებზე სკოლების დახურვის ზეგავლენას, ასევე, მრავალი მტკიცებულება, რომ სკოლა არ არის პანდემიის ძირითადი წარმმართველი ფაქტორი, თუმცა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ დახურა სკოლები, ზოგიერთმა - თითქმის მთელი წლით.

სკოლების დახურვის საფასური - რომელიც, პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პიკურ პერიოდში მთელ მსოფლიოში მოსწავლეთა 90%-ს შეეხო და რომლის შედეგად მოსწავლეთა ერთ მესამედზე მეტი დარჩა დისტანციურ სწავლებაზე წვდომის გარეშე - გამანადგურებელია.

მოსალოდნელია სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობის 24 მილიონით გაზრდა; ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რომლის შესამცირებლად ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული, წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა.

ბავშვებში გაუარესდა კითხვის, წერის, მათემატიკის საბაზისო ცოდნის დონე, ასევე, 21-ე საუკუნის ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევები.

რისკის წინაშეა მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. შედეგები ყველაზე მძიმეა უკიდურესად დაუცველი ბავშვების შემთხვევაში.

სასკოლო კვებით სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე დარჩენილი ბავშვების კვების რაციონი უარესდება. ბავშვები ვეღარ ახერხებენ თანატოლებთან ყოველდღიურად ურთიერთობას, ასევე, ნაკლებს მოძრაობენ, რაც განაპირობებს მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და ფსიქიკური აშლილობის ნიშნების წარმოქმნას. სკოლის პირობებში ხელმისაწვდომი მხარდაჭერის სისტემის გარეშე დარჩენილი ბავშვები დადგნენ შეურაცხყოფის/ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის გაზრდილი რისკების წინაშე.

სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას, და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ყველა სხვა ალტერნატივის გათვალისწინების შემდეგ.

სკოლების დახურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძირითადად უნდა დაემყაროს ადგილობრივ დონეზე გავრცელების რისკის შეფასებას. როდესაც შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის მასშტაბით სკოლების დახურვა. დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში, რაც უკიდურეს წნეხს უქმნის ჯანდაცვის სისტემებს და როდესაც სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა ამუშავდეს მხარდამჭერი მექანიზმები. ეს მოიცავს იმასა, რომ სახლში ძალადობის რისკის წინაშე მყოფმა ბავშვებმა, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო კვება და რომელთა მშობლები საციცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე მუშაობენ, შეძლონ განათლების გაგრძელება საკლასო ოთახებში.

კარანტინის დაწესების შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ შეზღუდვების მოხსნის დაწყებისთანავე, სკოლები უნდა გაიხსნას პირველივე ეტაპზე. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გაკვეთილების ჩატარებას იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ დისტანციურად სწავლას, მათი ჩამორჩენის გამოსარიცხად.

შედეგები, რომლებიც დახურული სკოლების პირობებში კიდევ ერთი სასწავლო წლის გატარებას მოჰყვება, მომავალ თაობებზე აისახება“, – ნათქვამია UNICEF-ის დირექტორის განცხადებაში.

საქართველოში დღეიდან 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და 10 დიდი ქალაქის – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის – ტერიტორიაზე მოქმედმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებება სასწავლო პროცესი დისტანციური/ონლაინ სწავლების რეჟიმში დაიწყეს. დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში უნდა დაწყებულიყო. როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, როგორც პირველ სემესტრში, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]