weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსები საქართველოს მოქალაქეებს ძაღლით დაედევნენ, სცემეს და წაიყვანეს – ხურჩელები

14:13 სამშაბათი, 19 იანვარი 2021
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინ საღამოს გამოქცეულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე სდიეს და უკან ძალის გამოყენებით დააბრუნეს. ადგილობრივების თქმით, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთ გაქცეულს სცემეს.

ადგილობრივ გამოცემა „ლაივპრესთან“ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები რესპონდენტი ყვება, რომ 18 იანვარს, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სამი ახალგაზრდა რუსი სამხედროებისგან მალულად ცდილობდა ოკუპირებული გალის სოფელ ნაბაკევიდან მოსაზღვრე ხურჩაში გადმოსვლას, თუმცა ისინი ე.წ მესაზღვრეებმა შენიშნეს და ძაღლით დაედევნენ.

„ხურჩაში გადმოსვლის შემდეგ დამალვას ადგილობრივების სახლებში შეეცადნენ, მაგრამ რუსები ჩვენს ტერიტორიაზე ძაღლთან ერთად გადმოვიდნენ. იყო ცემა და ძალით წაათრიეს უკან“, – ამბობს ხურჩელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

„ქალები რომ ყვიროდნენ „გვიშველეთ, გვიშველეთო“ გავიგონეთ. მერე შევამჩნიეთ, რომ რუსი მისდევდა იქიდან გადმოსულებს. ქალებმა რომ დაინახეს, რომ ჩვენც შევამჩნიეთ, გვითხრეს, სადმე დარეკეთ ან „112“-ში, ან სამხედროებთან, რომ გვიშველონო.

მამაკაცს დაეწივნენ დაახლოებით 300 მეტრში. იქ ეტყობა ჩაიმალა და ძაღლმა მიაგნო. აქედან მესმოდა, ბრძანებას რომ აძლევდნენ, ძაღლი აუშვიო. თვითმხილველი ბიჭი ხმაურზე რომ გამოვიდა, იმან ნახა, რომ მამაკაცი მიწაზე იყო, ძაღლი ზედ ედგა თურმე და ესენი ქუსლებს ურტყამდნენ. სცემეს. აქეთ რომ გამოიყვანეს, ეტყობოდა, რომ სერიოზულად იყო ნაცემი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ელისო შამათავამ.

საქართველოს მოქალაქეების ცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ზუგდიდის მერის წარმომადგენელს სოფელ ხურჩაში, ბადრი ხუნჯგურუას. მისი განმარტებით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სამი ახალგაზრდა - ორ ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს.

„ესენი იყვნენ გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მცხოვრებლები. როგორც მე ვიცი, დაკავებისთანავე წაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი.

გუშინ, 18 იანვარს, გვიან ღამით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 20:30 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავებას ადგილი ჰქონდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სუს-ის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა აფხაზეთში მცხოვრები სამი პირის უკანონო დაკავება, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი პატიმრობაში აღარ იმყოფებოდნენ.

დღეს სოფელ ხურჩაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] წარმომადგენლები მუშაობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]