weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

ქესალოს მცხოვრებლების თქმით, მღვდელი მათ მიწების დამუშავების საშუალებას არ აძლევს

10:37 შაბათი, 23 იანვარი 2021 hits 230

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მღვდელი მათ სოფელთან არსებული მიწების დამუშავების საშუალებას არ აძლევს – ამბობს, რომ მიწები მის საკუთრებაშია და ქირა უნდა გადაუხადონ.

როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები აცხადებენ, იმ დღეს, როდესაც მიწის მოხვნა დაიწყეს, მათთან მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მივიდნენ და სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს.

„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს. გავიგეთ, რომ მღვდლებმა ტრაქტორის მძღოლს დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ მიწას მოხნავდა, პრობლემები შეექმნებოდა. ჩვენ მაინც არ გამოვიყვანთ ტრაქტორს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან.

ქესალოს მცხოვრებლებს გუშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მოსახლეობა უკანონოდ ამუშავებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმდეს, კანონიერი გზებით, რა ფორმით შეიძლება ამ მიწის გამოყენება, ამაზეც მქონდა მე მოსახლეობასთან საუბარი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მაჟორიტარმა ადგილობრივებისგან საკითხის გასარკვევად ერთკვირიანი ვადა ითხოვა.

სოფელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომლის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე სოფელ ქესალოში იმყოფებოდა. ორგანიზაციის თანახმად, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ 4-5 წლის განმავლობაში ისინი მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას უხდიდნენ.

„ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ. სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის. გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, „გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]