weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის საქმეზე ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

15:31 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, თუმცა ბრალდების მხარე ირაკლი ფანგანისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებითი ვალდებულებებიც დაეკისრა. კერძოდ, აეკრძალა ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია, ასევე ქვეყნის დატოვება გამოძიების დასრულებამდე. ირაკლი ფანგანი ვალდებულია, კვირაში ერთხელ გამომძიებლეთან გამოცხადდეს.

ბრალდებულის ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

30 წლის ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც დეპუტატს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.

ფანგანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ფანგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტია. ის მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და აჭარის უმაღლეს საბჭოს ლეგიტიმაცია არ აქვს, ხოლო ირაკლი ჩავლეიშვილი ოპოზიციის საარჩევნო სიით გასული ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც მანდატზე უარი არ თქვა და საბჭოში შევიდა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩავლეიშვილმა ოპოზიციაც დატოვა და „რესპუბლიკური პარტიაც“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]