weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჯავახეთის მცხოვრებლები საზღვრების გახსნას ითხოვენ

16:50 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

ჯავახეთის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებმა დღეს ახალქალაქის ცენტრში კიდევ ერთი აქცია გამართეს და საზღვრების გახსნა მოითხოვეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა Jnews-ი იტყობინება, მოქალაქეები მერიის შენობაში შევიდნენ და ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

აქციაში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ისინი ამბობენ, იმის გამო, რომ საზღვრები ჩაკეტილია, სამუშაოდ ვერ მიდიან და უსახსროდ არიან დარჩენილი. მათი თქმით, არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული სუბსიდიით, რადგან მაღალმთიან სოფლებში ოჯახები თვეში დაახლოებით 400 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს მოიხმარენ. აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ვერ იხდიან საბანკო სესხებსაც.

მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამოც, რომ სტუდენტებს, რომელთაც სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცეს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლა უწევთ. მათთვის გაუგებარია, რატომ არ აქვთ შესაძლებლობა, გამონაკლისის სახით „ბავრას“ გამშვები პუნქტით ისარგებლონ.

აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს პასპორტების მიღების პრობლემაზე და პროდუქტების გაძვირება გააპროტესტეს.

Jnews-ის ცნობით, ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა თქვა, რომ სომხეთთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან საზღვრის გახსნის დაპირებას ის ვერ გასცემს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ცალ-ცალკე მიმართონ, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და გადაიჭრას ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც არსებულ პირობებში შესაძლებელია.

მოქალაქეებმა აქცია 31 იანვარსაც გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ერთ კვირაში ისევ შეიკრიბებიან.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]