weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას „კომენდანტის საათის“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ

00:31 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი ამ ფორმით არსებობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება  დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

მართალია, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.

მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების  ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI Georgia), თანასწორობის მოძრაობა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საფარი და უფლებები საქართველო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 და 15 თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, შემსუბუქება ისევ არ შეხებია კომენდანტის საათს, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]