weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალქალაქის 3 სოფელში მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის დაფინანსებას ითხოვენ

14:43 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. სამი სოფლის - კარტიკამის, კულიკამისა და ხულგუმოს მცხოვრებლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის დაფინანსების შეჩერება გააპროტესტეს.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამ სოფლებში მცხოვრებ 50 მოსწავლეს ემსახურებოდა და ბავშვები ახალქალაქის სკოლებში (ძირითადად, რუსულ სკოლაში) დაჰყავდა. მშობლების განცხადებით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შვილები სკოლაში თავად ატარონ. მეორე მხრივ, მათივე თქმით, ისინი უკვე უფროსკლასელები არიან საიმისოდ, რომ სკოლა შეუცვალონ და სოფლის სკოლებში გადაიყვანონ. 

აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი შეხვდნენ. მათი განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დეფიციტია, რის გამოც გარკვეული ხარჯების შემცირება მოუწიათ.

დეპუტატ მანუკიანის განცხადებით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მუნიციპალიტეტს მიკროავტობუსის დაფინანსების შესაძლებლობა არ აქვს. ამასთან, მისი თქმით, არ შეიძლება განსხვავებული მიდგომა იყოს და ტრანსპორტი სოფლების ერთ ნაწილს ემსახურებოდეს, მეორე კი – არა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მშობლებს შესთავაზა, ბავშვებისთვის ტრანსპორტი თავად დაიქირაონ, ხოლო იმ მშობლებმა, რომელთაც თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ, გამონაკლის შემთხვევებში დახმარებისთვის მერიას მიმართონ.

Jnews-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ წინ არჩევნებია. რაც შეეხება სოფლების მიმართ განსხვავებულ მიდგომას, მშობლების თქმით, თუ სხვა სოფლებში რაღაც შენდება და მათთან – არაფერი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშენებული უნდა დაანგრიონ.

„რეგინფოსთან“ ინტერვიუში ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლება ვალდებული არ არის,  ქალაქის რუსულ სკოლაში მოსწავლეების ტრანსპორტირება დააფინანსოს, რადგან სოფლებში „ნორმალური სომხური სკოლებია“.

„ამის გამო სხვა სოფლებსაც ჰქონდათ პროტესტი და აზრთასხვადასხვაობა საკრებულოს დეპუტატებს შორისაც იყო. როგორც წესი, სკოლებს ტრანსპორტით განათლების სამინისტრო ემსახურება. ამ სოფლებს კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს და ამიტომ ჩვენ გამონაკლისი დავუშვით. ორი წლის განმავლობაში ვაფინანსებდით მათ, მაგრამ ახლა საკრებულოსგან სხვა რეკომენდაცია მივიღეთ“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯი ბიუჯეტში ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ტრანსპორტირების დაფინანსებაში შედიოდა.

კარტიკამი, კულიკამი და ხულგუმო ახალქალაქიდან 3-5 კილომეტრის დაშორიებით მდებარე სოფლებია.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]