weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბავშვმა მოიკლა თავი, დანაშაული გამოისყიდა, გაუპატიურებული რომ იყო - ბაბუა

19:35 შაბათი, 13 თებერვალი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

14 წლის გოგონას ბაბუა მიიჩნევს, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა. „ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო, გამოისყიდა და დამთავრდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში. გოგონა დღეს დაკრძალეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში თვითმკვლელობამდე წინა დღეს გოგონა სწორედ ბაბუას მეშვეობით ცდილობდა იმის გარკვევას, რატომ არ აკავებდა პოლიცია პირს, რომელმაც მასთან სექსუალური კავშირი ორჯერ დაამყარა. ბაბუა აღნიშნავს, რომ მისი შვილიშვილი აღელვებული იყო: „დილით ჩვეულებრივ წავედი სამუშაოდ. როცა დავბრუნდი, ჩამომხრჩვალი დამხვდა“.

გოგონა სახლში ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. უფროსი და დაოჯახებულია და მეუღლის სახლში ცხოვრობს. დედა კი სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე 24 წლის მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დაკაავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. არადა, გოგონამ და მისმა ნათესავებმა სექსუალური ძალადობის შესახებ ქობულეთის პოლიციას 2 თვის წინ მიმართეს. გამოძიება დაიწყო, მაგრამ პოლიციამ არათუ დაკაავა მოძალადე, არც კი დაუკითხავთ.

ახლა პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბერში, როცა ნათესავებმა გოგონას გაუპატიურების შესახებ პირველად გაიგეს, ვიდრე პოლიციას მიმართავდნენ, ბავშვს სასტიკად სცემეს.

„ჩემი მამამთილის ძმის შვილებმა სცემეს. წიხლის ქვეშ აგორავეს პატარა გოგო, რატომ შეგვარცხვინეო. ეს ყველაფერი ბავშვმა მომიყვა. ძლივს გამოართვეს ბავშვი, შემოგაკვდება და ციხეში ჩაჯდებიო.

მანქანაში, გზაში სულ მუშტებით ემუქრებოდნენ, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. იმ დღეს სცემეს მარტო. მერე ხელი ვერ დააკარეს, პოლიაციამ გააფრთხილა. ამის შემდეგ თბილისში წაიყვანეს ექსპერტიზაზე, რომ შეემოწმებინათ, გაუპატიურებული იყო თუ არა. მეორე დღეს, ბავშვი ტელეფონით რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა - დედიკო, თავზე ხელს ვერ ვიკარებ, თავი მტკივა, ბალიშზეც ვერ ვდებო“, - იხსენებს გარდაცვლილის დედა. მისივე თქმით, გოგონას თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა, სოციალური მუშაკის თანხმობით ბავშვის თურქეთში წასაყვანად დოკუმენტებს ამზადებდა, რაც გოგონას ძალიან უხაროდა: „ბედნიერი იყო - დედი, შენთან წამოვალ, ერთად ვიქნებითო. რამ გადააწყვეტინა რომ თავი მოეკლა, არ ვიცი“.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გოგონას მიმართ ძალადობის სხვა შესაძლო შემთხვევებსაც იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]