weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვახო სანაია მასზე თავდასხმას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს

13:18 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

ჟურნალისტმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამ მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა იცნეს და აგრესიას გამოხატავდნენ კრიტიკული ტელეკომპანიების მიმართ.

სანაიას განცხადებით, შემთხვევა წუხელ, ღამის 12 საათის შემდეგ ვაკეში მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტის რძალსაც მიაყენეს.

„ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი. შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. ამასობაში, საიდანღაც იქვე უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა, იმ უბნელები, სავარაუდოდ. ერთ-ერთი ჩემს მეუღლეს ეცნო, მისი ყოფილი მეზობელი იყო.

ერთ-ერთი ყველანაირად ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან მეთქი. სამივე ნასვამი იყო. ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამანებე-მეთქი.

ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით, მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს, ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი. წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს.

პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, „ტვ პირველის“ მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე“, – განაცხადა სანაიამ „ფორმულასთან“.

მისივე თქმით, ამ დროს მანქანაში ძიძასთან ერთად მყოფი წლისა და ორი თვის ბავშვი ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ.

„მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში... დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვიყვანეს გამოკითხვაზე“, – ამბობს სანაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს.. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]