weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს და აქციებს აანონსებს

15:20 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გაიმართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „უახლოესი დღეების საპროტესტო ტალღის გეგმა“ წარმოადგინა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ოპოზიცია სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს. მისივე თქმით, პარლამენტთან სხვადასხვა პარტიების კარვები გაიშლება.

„დღევანდელი პროტესტის შემდეგ, ჩვენ 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ეს უწყება დღეს იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.

11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ.

13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით, ერთად, ბევრნი და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები თბილისში მასშტაბურ აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით პოლიტიკოსებმა მიმართეს. ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას წერილიც წაიკითხა. ამის შემდეგ აქციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

საპროტესტო აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]