weather cur horoscope tv
მაისი 08, 2021

ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულებს ბრალი დევნის, მუქარისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინეს

15:58 პარასკევი, 26 თებერვალი 2021 hits 146

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ.

„ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ. სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყება განმარტავს, რომ პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდების მხარემ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლო სხდომა დღეს, 18:00 საათზეა ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]