weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დავალიანების შემთხვევაში კერძო სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება ექნება

14:45 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კერძო სკოლას მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის უფლება ექნება. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტმა დაიწყო.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლების პრაქტიკის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემების გამო ვერ/არ ასრულებენ კერძო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და წარმოეშობათ ფინანსური დავალინება, ხოლო კერძო სკოლას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დამკვეთს მომსახურება შეუწყვიტოს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო.

„ასეთ ვითარებაში, კერძო სკოლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რეალურად მიმართონ რაიმე ქმედით ღონისძიებას.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა“. შესაბამისად, არ არსებობს კერძო სკოლიდან მოსწავლის იძულების წესით სხვა სკოლაში გადაყვანის ან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები სკოლის მიერ მობილობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაგზავნით. ამ უკანასკნელის საფუძველს კი წარმოადგენს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. ამდენად, თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ მივა მიმღებ სკოლაში და არ დაწერს განცხადებას მოსწავლის სკოლაში მიღების თაობაზე, მოსწავლე სკოლას ვერ შეიცვლის.

მიუხედავად არაერთი ასეთი შემთხვევისა, კერძო სკოლები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო იძულებული არიან, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწოდონ საგანმანათლებლო სერვისი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კერძო სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, „სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისთვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას“.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, დღეს მოქმედი კანონით, რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლის ვალდებულება დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია და კანონში შესატანი ცვლილება ამ ხარვეზსაც აღმოფხვრის.

„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ აქვს ფინანსური დავალიანება, თუმცა მშობელს/კანონიერ წარმოდგენელს სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურს მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კერძო სკოლაში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სკოლაში გადასასვლელი დოკუმენტების დროულად გადაცემას მიმღები სკოლისთვის, რათა მოსწავლეს არ წარმოეშვას ფინანსური დავალიანება. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები – შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი არიან. პაპუაშვილი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, განმარტავს, რომ საკანონმდელო ცვლილება ბავშვების უფლებებს აძლიერებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]